„დაბლოკილია მსჯელობა, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა, რომელშიც, სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც ჩართულია“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, ხოლო საკითხის ტრაფარეტებით გადაფარვა მიმდინარეობს. რაშიც, პაპუაშვილის მტკიცებით უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული. მან ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძის ახალგაზრდებისადმი გავრცელებულ ღია წერილზე და თქვა, რომ საკითხებს არ უნდა შეხედონ მხოლოდ ემოციებით, მნიშვნელოვანია შინაარსი.

„ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო კვირების განმავლობაში, არის ის, რომ დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა, რომელშიც, სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული იმ მხრივ, რომ ნაცვლად იმისა, იყოს საღი დისკუსია საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა, ჯიუტი მცდელობაა, არ შევიდეს ვინმე დისკუსიაში და მიეკეროს კლიშეები ამა თუ იმ ინიციატივას. საბედნიეროდ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და ძალიან კარგად ერკვევა საკითხებში” – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, საუბარია რამდენიმე აქტივისტის ჯგუფზე.

“მეორე განზომილებაა, რომ ხდება ასე წარმოჩენა, თითქოს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც შინაარსობრივად თუ ემოციურად ეხება ამ საკითხს. სინამდვილეში, ჩვენ თუ დავაკვირდებით გარკვეულ სტრუქტურას იმ პროტესტისა, რომელიც არის, ვნახავთ რამდენიმე აქტივისტის ჯგუფს. ესეც ცალკე გამოგონილი ტერმინია აქტივისტებისა, იმისთვის, რომ დააბნიონ საზოგადოება, თითქოს ამ აქტივისტების ჯგუფს არ აქვს პარტიული კუთვნილება. ამიტომ, მედიებს მოგიწოდებთ, რომლებიც არიან ლიდერები და ორგანიზატორები, მათ შორის იმ ძალადობრივი აქტივობებისა, „დაფიონი“, ჯიუტი“ და სხვა ჯგუფები, ვკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი“- განაცხადა მან.

მსგავსი თემები