,,პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით”- თალაკვაძე ვაშაძეს

თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე და ბატონი პაატა მანჯგალაძე და  დანარჩენები, რომლებიც წლების წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და ეს არ შეიძლება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

,,ბატონი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ეს ზრდა პენსიონერებს მივცეთ და დანარჩენი მიმართულებები, იქნება ეს  სოციალური, ჯანდაცვის, ხელფასების ზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მედიკამენტები  ბავშვებისთვის –  ყველაფერი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და პენსიონერებს გავუნულოთ სესხებიო.  თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე და ბატონი პაატა მანჯგალაძე და  დანარჩენები, რომლებიც წლების წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და ეს არ შეიძლება. თქვენ  ხართ ის ოპოზიცია, ვინც უჩიოდით პრემიერ-მინისტრს და ახლა როცა გჭირდებათ, თურმე, სესხების განულება არის კეთილშობილი საქმე. ეს რომ წმინდა წყლის პოპულიზმია, მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტი თავისთავად ეხებათ პენსიონერებსაც. 

„ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების  ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს მათაც ეკუთვნის. ამ ჯანდაცვით, რომელსაც ფულს ვუზრდით, სარგებლობენ პენსიონერებიც, ამ სოციალური დაცვის სისტემით სარგებლობენ  პენსიონერებიც, იმ გაზრდილი ხელფასებითაც პენსიონერების ოჯახის წევრები სარგებლობენ. თქვენ მგონი ისიც კი არ იცით რამდენია მარტოხელა პენსიონერი ქვეყანაში, იმიტომ რომ პენსიონერების  დიდ ნაწილს ჰყავს ოჯახის წევრები და იმ ოჯახის წევრებს რომ სახელმწიფო ახალ სამუშაო ადგილებს უქმნის, ხელფასს უზრდის, უკეთეს ჯანდაცვას სთავაზობს, უკეთეს სკოლას და ინფრასტრუქტურას სთავაზობს, ეს იმ პენსიონერებსაც ეხებათ, რადგან ისინი ჩვენი საზოგადოების წევრებია. პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა თქვენ ბატონო გიორგი, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ. თქვენ ხართ ის პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდით, რომ ონკოლოგიაში დახარჯული დაფინანსება არის „შავ ხვრელში“ ჩაყრილი ფული. ამას ეთერში ამბობდით. თქვენ არ გესმით ადამიანის სიცოცხლის ერთი დღე რამდენად ძვირფასია. არ გესმით და შესაბამისად, ბიუჯეტს როგორ გადაანაწილებთ სწორად.  სტიქიით დაზარალებულებს, სკოლებს, სასწრაფო დახმარებას არ მივცეთო და რადგან მე მჭირდება არჩევნებისთვის, ვალები გავუნულოთ პენსიონერებსო – ეს არის თქვენი პროგრამა, ამ პროგრამით გახვალთ არჩევნებზე და მიიღებთ ისევ იმ შედეგს რაც მიიღეთ წინა არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები