მეწყერი მდინარე ტებენაზე – გარემოს ეროვნული სააგენტო დასკვნას აქვეყნებს

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ორი დღის წინ ჩამოწვა. ამ ფაქტს გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმიანება და დასკვნას აქვეყნებს.

მათი ცნობით, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები.

,,დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ:

საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან;

კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში;

მითითებული სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ, უბანზე დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი უწყებები.

მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით”, – ნათქვამია დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი 9 აგვისტოს ჩამოწვა, მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება.

მსგავსი თემები