ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს მიმართავენ, გადახედონ გადაწყვეტილებას კანონპროეტზე

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების  საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიმართავენ და მოუწოდებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას გადახედონ.

„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

წერილის მეორე ნაწილი კი უშუალოდ კანონპროექტიდან მომავალ საფრთხეებს უკავშირდება.

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია“ – წერია წერილში.

წერილის ავტორები ხელისუფლებას მიმართავენ გადაწყვეტილებას გადახედონ.

„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს…“ აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები