„ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში”- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფექციების კონტროლის ნაწილში, კლინიკებში სერიოზული პრობლემებია.

ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა  ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევებში გაზრდილ ჯარიმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში. როდესაც სამედიცინო დაწესებულებას ვაჯარიმებთ და საშუალოდ, 500-ლარიანი ჯარიმები იწერება, ოქმი იგზავნება სასამართლოში. ამ პერიოდში, დაწესებულების მეორედ შემოწმების საშუალებაც არ გვაქვს. კლინიკებს აქვთ მოტივაცია, ხელოვნურად გაიყვანონ დრო, რომ მომდევნო ჯერზე არ შევამოწმოთ და შემდეგ არ მოვითხოვოთ საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება. ამ პირობებში კი, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ, სამედიცინო დაწესებულება ისევ აგრძელებს საქმიანობას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან. ამიტომ, საჭიროა, ჯარიმა დაუყოვნებლივ მიემართოს აღსრულებისკენ და სამედიცინო დაწესებულების მეორედ გადამოწმების
შესაძლებლობაც მარტივად გვქონდეს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.

მსგავსი თემები