,,პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად დაესრულებინა”- ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ”გრინსერვის +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატებს  უფლება ჩამოერთვას სასამართლოში დაცვის მოწმეები წარედგინათ.

მისი თქმით, პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად დაესრულებინა.

,,3 თვის განმავლობაში, სასამართლოში იკითხებოდა პროკურატურის მოწმეები 09.06.2023წ პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულა ბრალდების მტკიცებულებების წარდგენა შპს ,,გრინსერვის+’’ ის თანამშრომლების და კიდევ 6 პირის ბრალდების საქმეზე. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, ადვოკატებს ჩამოგვერთვა უფლება სასამართლოში წარგვედგინა დაცვის მოწმეები.

2023 წლის 23 მარტს, პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად უნდა დაესრულებინა და ის არ დაუშვებდა, რომ ბრალდებულების მიმართ 9 თვიანი საპატიმრო ვადა გასულიყო, რომელიც 18 ივლისს იწურება. პროკურორს 50-ზე მეტი მოწმე ჰყავდა წარმოსადგენი, მოსამართლის განცხადებით კი განაჩენის გამოსატანად ამ საქმეზე 15-20 მოწმის დაკითხვა საკმარისი იქნებოდა. საქმის განხილვის დროს დაიკითხა მხოლოდ ბრალდების მხარის 20 მოწმე,”- განაცხადა ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

ლაშა ჩოფიკაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.

,,მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ჩამოერთვათ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, ადგილი ჰქონდა სხვა უხეშ დარღვევებს რაც დიდი ალბათობით მიანიშნებს, რომ სასამართლოს განაჩენიც უსამართლო იქნება,”- აღნიშნა ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ვიდეოჩანაწერები საქმიდან გამქრალია” – ვაკის პარკის საქმის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები