„ადგილსამყოფელის შეუტყობინებლობა, ძალის გადამეტება“ – აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის დროს გამოკვეთილი პრობლემები

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებებს იცავენ, ასახელებენ პრობლემურ ტენდენციებს, რომლებიც მათ მიერ პროცესში გამოიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით 8 ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, არსებობს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა; ასევე, დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება და დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება.

„8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას. 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება 134 დაკავებული პირის შესახებ. ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და განვუმარტავდით მათ უფლებებს.

ამ დროისათვის არსებული მდგომარეობით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური ტენდენციები: დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა – დაკავებულს, დაკავებისთანავე აქვს უფლება, საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობოს ოჯახს/ადვოკატს. ამის მიუხედავად, დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა“- აღნიშნულია განცხადებაში

 

მსგავსი თემები