„თუ რამე მოხდა, დედა, მაპატიეო“ – ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, მამუკა გაწერელიას რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე ამბობს, რომ ოჯახს ადვოკატი არ ჰყავს:

„ციხიდან დამირეკა და მითხრა, ხვალ სასამართლო მაქვსო, არ ინერვიულო კარგად ვარო,  ეტყობა აიძულებდნენ ასე ეთქვა, მესმოდა იქიდან უთხრეს, ასე უთხარი ქართველებს კარგად ექცევიანო.

როგორც კი დაიწყო ეს ომი მოხვდა გულზე და მე წვალ დავეხმარები იქ ხალხსო მითხრა, ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ უშედეგოდ,  რუსი სამხედროების ალყაშემორტყმულ ქარხანაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენმა მოახერხა შესვლა, ერთ-ერთში ჩემი შვილი იყო” – დალი ჩხეიძე შვილს,  ტყვეობამდე ერთი კვირით ადრე ესაუბრა:

„დამიკავშირდა აზოვსტალიდან 12 მაისს – აქ უკვე ცუდად არისო, დედაო, საქმეო – მითხრა და ბოდიშიც მომიხადა. თუ რამე მოხდა, დედა, მაპატიეო და მორჩა“.

მამუკა გაწერელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. მას რუსეთის პროკურატურა სამი სამხედროს მკვლელობასა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობას ედავებოდა. მამუკა გაწერელია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაასამართლეს და 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაცია ტელეგრამარხებით გავრცელდა, რომელსაც დაპატიმრებული მებრძოლის კადრებიც ახლდა თან.

დაგვეხმარონ, ვის როგორც შეუძლია ყველა ამოგვიდგეს მხარში, ეგ ვერ გადარჩება იქ ვიცი, იქ მას კარგი დღე არ ელის.“ – ამბობს დალი ჩხეიძე.

 

 

მსგავსი თემები