,,თანხის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ”- 5 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, გამოძალვისა და გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფინანსურ დავასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერს მიმართა. ბრალდებულებმა „ქურდულ შეკრებაზე“, რომელსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ, ერთ პირს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში თანხის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. სამ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვა), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223-ე სეკუნდა მუხლით (,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა),  ერთ პირს – 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) და 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), ხოლო კიდევ ერთ პირს – 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები