“რა გაკეთდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერით, რაც გაფუჭდა გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლით?” – ზაზა პაპუაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძეს მხარდაჭერას უცხადებს და მიაჩნია, რომ ნინია კაკაბაძის განაწყენება სჯობდა, გედევან ფოფხაძის განაწყენებასა და მის უმრავლესობიდან წასვლას.
როგორც ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, ის არ ესწრებოდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევას ეყარა კენჭი, თუმცა რომ ყოფილიყო მის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
“პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე რომ ვყოფილიყავი, ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევას არც მე დავუჭერდი მხარს, ისევე, როგორც მხარი არ დავუჭირე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას არჩევას. გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა ძალიან სერიოზული რამ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ფასეულობები ასე გაიყო და ასე დანაწევრდა ყველაფერი, საგანგაშო ვითარებაა იმ გაგებით, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა როგორ არის საჭირო”, – აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, გაურკვეველია უკეთესი რა გაკეთდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერით იმასთან შედარებით, რაც გაფუჭდა გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლით. “მაშინ პირველ ჯერზე რატომ არ ავირჩიეთ ნინია კაკაბაძე? რა კეკლუცობა იყო, მაშინ პირველივე ჯერზე მიგვეცა ხმა”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები