ბალტიის ქვეყნები ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებენ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის თამაშებზე არ დაუშვან

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდეს, ნეიტრალური სტატუსითაც არ დაუშვან ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა. მიმართვა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს.

“შეშფოთებული ვართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით, რაც გზას უხსნის სპორტსმენებს ბელარუსიდან და რუსეთიდან, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით. მსგავსი მიდგომა გაუმართლებელია, რამდენადაც რუსეთი და მისი მოკავშირე ბელარუსი განაგრძობენ სასტიკ ომს უკრაინის, ოლიმპიური თამაშების მონაწილის წინააღმდეგ მისი სუვერენიტეტის განადგურების მიზნით”, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

განცხადების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო ასობით უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა და განადგურდა მთელი რიგი სპორტული ობიექტები.

“მოვუწოდებთ ოლიმპიურ კომიტეტს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და გავლენიან სპორტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, დაიცვას საკუთარი შეზღუდვები, ვიდრე რუსეთი აგრძელებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ და უკანონო აგრესიულ ომს, არ დაუშვას რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენების დაბრუნება ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სტატუსით”, – ნათქვამია მინისტრების განცხადებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის თებერვალში, 30-მდე ქვეყანამ, მათ შორის 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელმა საფრანგეთმა, მოუწოდა IOC-ს მოხსნას რუსები და ბელარუსები პარიზის თამაშებში მონაწილეობისგან, სპორტსმენების “ნეიტრალური” სტატუსის სიცხადესთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამ მოწოდებას მხარი ევროპის საბჭომაც დაუჭირა.

მსგავსი თემები