აქონდროპლაზიის მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში – პროტოკოლი დამტკიცებულია

„მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“ – აცხადებს იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე. საბჭომ პროტოკოლი დღეს დაამტკიცა.

„მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ​ მედიკამენტს გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს სამედიცინო ჩარევაც კი. ამიტომ, შერჩეულ იქნა ერთი კლინიკა საქართველოში. ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. იმიტომ, რომ პროტოკოლის დანერგვას, პაციენტების დეტალურ შესწავლას სჭირდება მულტიპროფილური კლინიკა, მინიმუმ 6-7 სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რაც იაშვილის კლინიკაში არის უზრუნველყოფილი“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისივე შეფასებით, ასევე, განისაზღვრა პირველი პერიოდი. ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, ეს იქნება ორი კვირა, ეს იქნება ერთი თვე, მაგრამ პაციენტებს ეს მედიკამენტი მაინც გაუკეთდებათ კლინიკაში, ექიმის დაკვირვების შემდეგ.

„მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში დარჩებიან იქ, რადგან წნევის ვარდნა, რაც გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში განხილულია, როგორც ყველაზე სერიოზული, საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ბავშვების რაოდენობა პირველ ეტაპზე განისაზღვრა 5-6 ბავშვით. აქცენტი გავაკეთეთ იმ ბავშვებზე, რომელთაც ასაკის გამო აქვთ ყველაზე ნაკლები პერიოდი დარჩენილი, ვიდრე ამ​ პრეპარატის მოქმედების ეფექტი იქნება, ანუ ძვლის საზრდელას მინიმალური შესაძლებლობა არის გათვალისწინებული. ეს იქნება 11, 12, 13 წლის ასაკის ბავშვები, ვინაიდან მართლაც ცოტა პერიოდი აქვთ დარჩენილი, რათა პრეპარატი იქნას ეფექტური“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი თემები