“ვინც კი კანონს გადაცდება, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება” – კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ჩამოშლილი, იქ მყოფი ადამიანები, როგორც შტაბში, ასევე პარტიაში, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის ჩვენთან მოტანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის საუბარს ეხებოდა.

კალაძემ უარყო, რომ ჟურნალისტებს უსმენენ და აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადება პრევენციული ხასიათის იყო.

„ვინ თქვა, რომ ჟურნალისტებს უსმენენო? საიდან მოიტანეთ? კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე და ვერავინ გაბედავს ვინმეს რამეში ხელი შეუშალოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვინც კი კანონს გადაცდება, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი, შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურის მხრიდან. არავის არ სჭირდება ვინმეს მოსმენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთმანეთს ასწრებენ ჩვენთან ინფორმაციების მოტანას“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები