“2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა”-ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანშვილის განცხადებით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. იგი საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, განამტკიცებს სუვერენიტეტს და 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

“ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის”- განაცხადა აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა

მსგავსი თემები