,,რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების ხარჯზე, ეს არის მტრობა და ღალატი” – თამარ კორძაია

დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ რაჭის ტყეების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი გამართეს. საქმე ეხება ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყის, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემას.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკითხზე არაერთი სამართლებრივი დავაა დაწყებული, თუმცა, არცერთი საქმე წინ არ წასულა, რადგან რუსი ბიზნესმენი “ხელშეუხებელია”.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მიწების, ტყეების, იქაური მოქალაქეების, საუკუნეების განმავლობაში იქ მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების ხარჯზე, ეს არის მტრობა და ღალატი”, – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია, 1 კვადრატულ მეტრში 45 დოლარად აეღო და დაეცვა თავისი ეკოსისტემებით, მაგრამ ხელისუფლებამ ხიდაშელს 11 ლარად გადასცა იგივე მიწები.

დეპუტატები ამბობენ, რომ მიწის გადაცემის დროს უსაფრთხოების საკითხი არ შესწავლილა, არ მომხდარა მოსახლეობის ინფორმირება, მათი საკუთრების უფლებების გათვალისწინება ლიცენზიის გაცემისას. ასევე, არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები.

“სახელმწიფო არ გვაძლევს და არ იძლევა ზუსტ ტერიტორიებს, სად გადის საზღვარი ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, ჩვენ არ გვაქვს ეს ტერიტორიები”, – თქვა კორძაიამ.

მსგავსი თემები