„საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს“ – ივანიშვილი

„2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს“- ასე მიმარტა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს აქციაზე.

მისი შეფასებით, ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს.

„მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა.

დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ –  განაცხადა ივანიშვილმა.

 

მსგავსი თემები