სტოლტენბერგი: უცხოური გავლენის აგენტების კანონის ხელახალი ინიცირების წინააღმდეგი ვარ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

მისი თქმით, რუსულ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე და საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში ხელს შეუშლის.

“მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოელი აგენტებისა თუ უცხოური გავლენის შესახებ, რადგან ეს კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევის საწინააღმდეგოა. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო იყო ევროკავშირიც. მე საქართველოში სულ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და ჩემი მთავარი გზავნილი რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო, რადგან ცხადია და ხაზი უნდა გაესვას, რომ ქართველ ხალხს ევროპულ ოჯახში ცხოვრება სურს. ამიტომ, ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები