კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ცესკო მათ პარტიას 2024 წლის არჩევნებისთვის არეგისტრირებს

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი, აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის არეგისტრირებს. პარტიის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროცედურული ნაწილი უკვე გაიარეს და ელოდებიან, როდის გამოქვეყნდება საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილება.

„ხელმოწერები რაც მივიტანეთ, დაგვიდასტურეს. იქეთ კვირაში საიტზე გამოჩნდება, თქვენგან არაფერია საჭიროო… [დადგენილებას] მომავალ კვირას ატვირთავენ საიტზე“, – ამბობს კონსტანტინე მორგოშია, რომელმაც რადიო თავისუფლებისთვის კომენტარის მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე ფეისბუკში დაწერა, რომ მისმა პარტიამ „რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“.

ცესკოში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას გაივლის ყველა ის პარტია, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეასრულებს.

„ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს ათდღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე და იქნება საჯარო“, – აცხადებენ ცესკოში.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

მსგავსი თემები