დატვირთული კონტეინერი 30 ლარით დაიბეგრება

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით იბეგრება

ცნობილია, რომ საკონტეინერო მოსაკრებელი ამჟამად შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა შეადგენს 1 კონტეინერისათვის 30 ლარს.

საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300423195

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე (კონტეინერის გახსნის შემთხვევაში); ასევე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული – საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე.

მოსაკრებლის გადახდაზე ინფორმაცია შეთანხმებული ფორმითა და წესით სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს უნდა მიეწოდოს.

გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან კონტეინერისთვის, რომლითაც:

  1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:
  2. სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
  3. უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი;
  4. საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.

მსგავსი თემები