ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა

სოფელ ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა. ლანჩხუთის მერიის ცნობით, მაშინ დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი გადასასვლელი გზა მოეწყო, რათა მოსახლეობას გადადგილება შეძლებოდა.

,,აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია”, – დაწერა მერიამ.

მათივე ინფორმაციით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. უწყების ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები, რომ დროულად მოხდეს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა.

შეგახსენებთ, რომ გურიაში გასულ ღამეს სტიქია იყო. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ოზურგეთი. უხვმა ნალექმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული შენობები. მათ შორის ოზურგეთის ცენტრალური ბაზარი.

მსგავსი თემები