ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

,,პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული და მედიის პლურალიზმის სფეროებში. ასევე, პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.

პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ვალდებულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისთვის.

განსაკუთრებით დასაფასებელია როლი, რომელიც მან შეასრულა საკანონმდებლო ზედამხედველობის ხელშეწყობისა და პირების შეწყალების უფლების გამოყენების თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას.

პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს გუშინ შეხვდა.

მსგავსი თემები