სანებართვო ჯარიმა 5000 ლარამდე იზრდება, სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა კი 15 000 ათასი ლარით დაჯარიმდება – ეკა ბოჭორიშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

,,საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პაციენტის ინტერესების დაცვა, უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხის კონტროლია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე ყურადღება გამახვილა საჯარიმო სანქციების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ საჯარიმო სანებართვო ჯარიმა 5000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ჯარიმა 15 000 ათასი ლარი იქნება.

,,პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს, მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა. ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტოს შეეძლება, მიმწოდებელ დაწესებულებას მიმართოს, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება მოახდინოს, ნებისმიერი მასალა ამოიღოს, ეს იქნება სამედიცინო დოკუმენტაციის დალუქვა, ექიმებისგან განმარტებების მიღება და ა.შ. ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტიანს გახდის და, რაც მთავარია, პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება” – განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეფასებით,  სანქციების აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

“მეორე საკითხია ის, რომ როცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულებები დიდ თანხებს იღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლი ხდება. ძალიან დიდი ჯარიმებია. გამომდინარე მუშაობის მოცულობიდან, დოკუმენტაციის წარმოებიდან, შესაძლოა, საჯარიმო სანქციის ამოღება დიდი ხნის განმავლობაში გახანგრძლივდეს. მხარე სასამართლოში შედის, ადმინისტრაციული საჩივრის დონეზე ჯერ რეგულირების სააგენტოში ასაჩივრებს, შემდეგ უკვე განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ხდება. ეს ყველაფერი დროში ხანგრძლივდება, შეიძლება, 4-5 წელი გახანგრძლივდეს, რაც არაეფექტურია. ამიტომ, ამ საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა მოხდეს. ეს რეგულაციები პრაქტიკაში უკვე დანერგილია. რეგულაციები აქვს ყველას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შრომის ინსპექციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მაშინ, როცა საქმე პაციენტის სიცოცხლეს ეხება“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ძირითადი მიზანია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების გაზრდა” – ეკა ბოჭორიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები