უკრაინამ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  უკრაინის არმიამ ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. მათი განცხადებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა წარმატებისთვის ძლიერი ნებისყოფა და პატრიოტიზმი საკმარისი არ არის – საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები.

გენშტაბის ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალების მრავალჯერადი უპირატესობის პირობებში არტილერიაში, ავიაციაში, MLRS-ში, საბრძოლო მასალასა და პერსონალში, ქალაქის თავდაცვის გაგრძელება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანდა უკრაინის არმიას.

,,ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ოკუპირებული პოზიციები და ხაზები”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Twitter-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დაადასტურა  უკრაინული ძალების ქალაქიდან გაყვანა და თქვა, რომ უკანდახევა მიზნად ისახავდა ჯარის გადარჩენას, რომლებიც ათასობით რუსული საარტილერიო  შეტევის წინაშე დგანან. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიბრუნებენ ლისიჩანსკსა და დონბასს.

ცნობისთვის, ლისიჩანსკი იყო ბოლო ქალაქი, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებდა ლუგანსკის რეგიონში.

 

მსგავსი თემები