,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში”- გიორგი ხოჯევანიშვილი

,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში,”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ემიგრანტების უმეტესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს და აუცილებელია დაინერგოს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა.
,,სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებით, ემიგრანტებით  არავინ ინტერესდება. მე მინდა გავამხნევო ჩვენი ემიგრანტები, ადამიანები, რომლებსაც მოუწიათ ჩვენი ქვეყნიდან წასვლა იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ.
ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ  ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როდესაც ათობით, ასობით, ათასობით ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ.
ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ჩართულობა არჩევნებში, არჩევნებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს, ძალიან დაბალია. გთავაზობთ და პირიქით უფრო მეტი სიმკაცრითაც შეიძლება ითქვას, რომ მოგიწოდებთ სახელმწიფომ, მმართველმა გუნდმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში.
ამისთვის საჭიროა ელექტრონული და ინტერნეტ სისტემის დანერგვა და რა თქმა უნდა ამას უნდა მიჰყვეს თანმდევი პროცესები, ისეთი როგორიც არის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის სპეცმიდგომების დანერგვა. რა თქმა უნდა დღეს უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველი დაცული იყოს  წნეხისგან, ზედმეტი ჩარევისგან და მეორეს მხრივ აღნიშნული სისტემა საგრძნობლად შეამცირებს საარჩევნო ხარჯებს. უნდა ითქვას, რომ ამისთვის რაიმე ქართული ნოუ-ჰაუს გამოგონება არ არის საჭირო, არამედ ძალიან კარგი ევროპული პრაქტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით და იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში დიდი ხვედრითი წილის მქონენი არიან ჰქონდეთ მოტივაცია და უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებში იყვნენ ჩართულნი” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები