„მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს“- პატრიარქი

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვაშია ნათქვამი.

პატრიარქის სთხოვს მრევლს გააძლიერონ ლოცვა საქართველოსთვის.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!

დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება”- ამბობს პატრიარქი.

პატრიარქი მრევლს, სამი ახალგაზრდის, ღვთის სადიდებელ ლოცვას ახსენებს.

„მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: – ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.
შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს“- ბრძანებს კათალიკოს პატრიარქი.

მსგავსი თემები