„ევროკომისარი დამემუქრა, ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”- ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას ერთ-ერთი ევროკომისარი სატელოფონო საუბრის დროს დაემუქრა.

„თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“- ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს სურს,  რომ აღნიშნულის შესახებ ქართულ საზოგადოებას, პრევენციის მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს.

„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები