,,ყველა საჭირო მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში” – ონკოპაციენტები უწყვეტ პროტესტს იწყებენ

ონკოპაციენტები საკუთარი უფლებების დასაცავად უწყვეტ პროტესტს იწყებენ და ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ. უკვე თვეებია ისინი საქართველოში აუცილებელი მედიკამენტების შემოტანასა და სახელმწიფო პროგრამის 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, კვლევებსა და გადასხმებს არ ჰყოფნის.

ონკოპაციენტები ითხოვენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც და მისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან. მათ მთავრობის კანცელარიას განცხადებით უკვე მიმართეს.

,,მიზანი არის ის, რომ ყველა ონკოპაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო ყველა მედიკამენტი და არა განსაზღვრული რაოდენობა, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 13 და 21 მედიკამენტი სრული სიმსივნეების სპექტრისთვის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. და ყველა, სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, ონკოპაციენტები გეგმავდნენ შიმშილობის დაწყებასაც, თუმცა, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

მსგავსი თემები