„ბაღებსა და სკოლებში ასწავლიან, თუ ბავშვი ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას“ – დეპუტატი

გენდერისა და სქესის გადაკეთების თემა საკანონდებლო ორგანოში ისევ ერთ-ერთი განსახილველი თემაა.  როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბაღებსა და სკოლებში ამ საკითხის პროპაგანდა მიმდინარეობს.

„თუკი რამეა აღსაშფოთებელი, აღსაშფოთებელია ის, რომ ბაღებსა და სკოლებში ხდება მოწოდება, არასრულწლოვანებს ასწავლონ თუ რას ნიშნავს გენდერი, ასწავლონ ის, რომ ბავშვი თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას, ამის პროპაგანდაზე სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები“ – აცხადებს  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ეს იდეოლოგია შემოდის და მკვიდრდება საქართველოში.

“შემოდის იდეოლოგია, რომ ბავშვებს ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა ვუთხრათ, რომ სრულებით არაფერს ნიშნავს თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადნენ და იმაზე იფიქრონ, რომ შეიძლება სხვანაირები იყვნენ და ეს არის ნორმალური.

როდესაც ამის პროპაგანდირება ხდება, ამაში სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ასეთი პროპაგანდის წახალისება მიუღებელია. ჩვენ ამის პრევენციას ვახდენთ. რაც შეეხება ცხოვრების განსხვავებული წესს, ეს ნებისმიერი პირის არჩევანია. ვინმეს განსხვავებული ცხოვრების შეფასება ჩვენი ინტერესი არ არის, მით უფრო ვინმეს განსხვავებული ცხოვრების სტიგმატიზება“ – აღნიშნა მან.

 

 

მსგავსი თემები