,,მივმართავ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი”- ზურაბ აზარაშვილი

ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები ძალიან სამწუხაროა. ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი.

„დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის ცხრათვიანი მოკვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო. დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე, თანაც ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე, ასევე მივმართავ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი “, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები