,,ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას” – გიორგი მარგველაშვილი

,,ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას”. ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” და მისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებას გამოეხმაურა.

,,ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ღია-საჯარო განცხადებაში, მოიწვია პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და არ ახსენა საქართველოს პრეზიდენტები. პრეზიდენტმა არ ახსენა პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას ამ ღონისძიებაზე, რადგან მიხდებს ისევ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. ამ საჯარო განცხადების შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწვეული ვარ, თუმცა საჯარო განცხადებაა მნიშვნელოვანი სადაც პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, უნდა ახსენოს პრეზიდენტები.

დამირეკეს ადმინისტრაციიდან და მე მათ ვუთხარი, რომ სულისკვეთებას ვიზიარებ, თუმცა პრეზიდენტმა პრეზიდენტები უნდა ახსენოს. ეს, მე მგონი, ძალიან ტრივიალური ჭეშმარიტებაა. ხელისმოწერა თუ ეხება, მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ამ პეტიციას უერთდებოდეს, შესაბამისად მე დაველოდები, მოხერხდება თუ არა ამ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 დეკემბერს, ათონელის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვია, რომ EU-ს ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერების გადასცეს.

მსგავსი თემები