რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეების გატაცების სანაცვლოდ პრემიასა და შვებულებას იღებენ

რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეების გატაცების სანაცვლოდ პრემიებითა და ორკვირიანი შვებულებებით ჯილდოვდებიან. რუსები იჭერენ ყველას და დროებით ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გადაჰყავთ, გათავისუფლების სანაცვლოდ კი ხალხს ჯარიმებს ახდევინებენ.

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მთავარი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაა, რომ სოფლები დაცალონ და უფრო მეტი მიწა მიიტაცონ.

,,ჩვენი მოქალაქეების გატაცება არის თანმიმდევრული ოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ოკუპანტები ატარებენ. სინამდვილეში ისინი თავის ე.წ საზღვრებს კი არ იცავენ, სინამდვილეში ისინი მიმართული არის, რომ დაითესოს შიში და მოხდეს მოსახლეობის დატერორება.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სოფლები უნდა დაიცალოს, ანუ დეპოპულიაციისკენაა მიმართული ეს გატაცებები. კარგად იციან, რომ მოქალაქეების დატერორება შეუძლიათ ეკლესიებიდან, სალოცავებიდან, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ამიტომ ისინი უსაფრდებიან მათ”, – ამბობს ქაცარავა.

აძვისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობა ამბობს, რომ რუსები ეკლესიების, სალოცავებისა და საძოვრების მიმდებარედ გააქტიურდნენ. გადაადგილდებიან ძაღლებით და მოულოდნელად იტაცებენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან, სავარაუდოდ გიორგობა დღეს, საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს.

მსგავსი თემები