მე-7 თვეა, გათხრებზე ნებართვას არ გვაძლევენ – არქეოლოგები

,,მე-7 თვეა, ცუცხვათისა და ოროზმანის მღვიმურ სისტემაში შესვლის უფლებას და გათხრებზე ნებართვას არ გვაძლევენ”.

როგორც არქეოლოგები გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე ამბობენ, მათ ძეგლთა დაცვის სააგენტო სამუზეუმო სისტემაში თეა წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო სჯის, რადგან ნებართვის გამცემი უწყება სწორედ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება.

,,ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ არ გვაძლევენ კანონდარღვევით არქეოლოგიური გათხრების ნებართვებს, მე და გიორგი ბიძინაშვილს, ეს არის ჩვენი დასჯა იმისთვის, რომ ჩვენ გავბედეთ და გავაკრიტიკეთ კულტურის მინისტრი და მისი გუნდი, რომელმაც, რეალურად, ძირი გამოუთხარა ქართულ კულტურას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მისი დაცვის სისტემას, რაც გელათზეც კარგად აისახა და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და ასევე, ჩვენ პროფკავშირული წინააღმდეგობა გავუწიეთ ამ რეპრესიულ პოლიტიკას. ამის გამო ვისჯებით ჩვენ, კანონდარღვევით,” – ამბობს წიქარიძე.

ცნობისთვის, ამ წუთებში არქეოლოგები სამეცნიერო ღონისძიებას მართავენ, რომელიც მათ გარდაცვლილ კოლეგას, არქეოლოგ გოჩა კილაძის ხსოვნას ეძღვნება. მათი თქმით, ღონისძიება ეროვნულ მუზეუმში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მუზეუმის ხელმძღვანელობამ ამაზე უარი გაურკვეველი მიზეზით უთხრა.

მსგავსი თემები