არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში გურიის ერთ-ერთი სკოლის სპორტის მასწავლებელია ბრალდებული. პოლიციამ 57 წლის კაცი უკვე დააკავა.
არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ ოჯახს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მოსწავლემ თანაკლასელებს მოუყვა. შემდეგ კი სკოლის დირექტორმა შესაბამის უწყებას მიმართა.
არსებული ინფორმაციით, პედაგოგმა ჯერ სექსუალურად შეავიწროვა გოგონა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა.
,,მე არც ვიცოდი, ბავშვმა განაცხადა ბავშვებთან სკოლაში, მეგობრებთან, სახლში არ თქვა. დაემუქრა და შეშინებული იყო. ბავშვებთან თქვა და სკოლის დირექტორს უთხრა. სკოლის დირექტორმა დამირეკა და მივედი, დაიჭირეს იმ დღესვე”, – ამბობს არასრულწლოვანის დედა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.