25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს – კვლევა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების უმეტესობა (58%) არ არის დასაქმებული, თითქმის ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (21%) კი, აქტიურად ეძებს სამსახურს.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდების დანარჩენი ნაწილი ან სწავლობს, ან რაიმე სხვა მიზეზით არ არის დასაქმებული.

ამასთან კვლევაში აღნიშნულია, რომ 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.

კვლევის ძირითადი მიგნებები: 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში.

14-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი (35%) დასაქმებულია. აქედან 20% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 4% – ნახევარი განაკვეთით, 2% – დასაქმებულია პერიოდულად, 9% კი ამბობს, რომ თვითდასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობს კერძო სექტორში (72%), მხოლოდ 16 პროცენტია დასაქმებული საჯარო სამსახურებში, ხოლო გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დასაქმებულია სხვა სექტორებში.

ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების დაახლოებით ორი მესამედი მაინც აღნიშნავს, რომ ფინანსურად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული. პირადი შემოსავალი  38% აქვს, ხოლო ყოველი მეათე ახალგაზრდა დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარებაზე.

 

 

წყარო: ”ფორმულა”

მსგავსი თემები