„პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ  უფრო გაზარდა პოლარიზაცია“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, საკუთარ ბლოგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც წერს.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული მისწრაფება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს… საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი”, – წერს ბორელი.

ის უკრაინაში მიმდინარე ომსაც ეხება და ამბობს, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინას.

„ჩემი მეორე გზავნილი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება… მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის”, – აღნიშნავს ბორელი.

„ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან“ – ჯოზეფ ბორელი

მსგავსი თემები