„ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას“ – მეუფე გრიგოლი

„რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც, ღელავს მთელი საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიცია, მდგომარეობა დღითი დღე რთულდება და მატულობს კონფრონტაციის საფრთხე და ხარისხი“ – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლიმ ქადაგებისას.

როგორც მეუფემ აღნიშნა,  უარყოფითი ენერგიის დაგროვება ძალიან საშიშია.

„ყოველივე ეს იწვევს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას; სტიქია კი თავის გზაზე არაფერს და არავის არჩევს და წალეკვას უქადის ყველაფერს, რაც წინ დახვდება. და ასეთ ვითარებაში ადამიანთა გაჯიუტება ცდომილებაში საბედისწერო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად გვაწუხებს ის აშკარა საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა მოჰყვეს“ – იქადაგა მეუფემ.

მისივე თქმით, ასეთ საგანგებო ვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოცხალი რწმენით 4 ნასაზრდოები სულიერი სიბრძნე.

„ჩვენი ნამდვილი ძალა ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ერთობაშია და არა გათითოკაცებაში. საქართველოს ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენი სამშობლო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის; …და დღემდე ვერავითარმა მომხვდურმა, აშკარა ურჯულომ თუ მზაკვრულად მოსულმა ე.წ. „სჯულიერმა“ ვერ ამოძირკვა ჩვენში ქართული სული და ქრისტეში რწმენა; ამით ჩვენ ამაყნი ვართ და მდაბლად ვმადლობთ უფალს. მიუხედავად ტკივილებისა, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება“ – იქადაგა მეუფემ.

 

 

მსგავსი თემები