ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული. ამ საქმეში ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და  დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით.

ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას როგორც მოგახსენეთ, იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით, მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები