,,არსად მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს” – სალომე ზურაბიშვილი

,,მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს”. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ერთადერთი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ აქვს.

ევროპული ტურნედან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა, რომელსაც მთავრობამ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა აუკრძალა, დღევანდელ საგანგებო ბრიფინგიდან მმართველ ძალას უთხრა, რომ ის გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რადგან ეს კონსტიტუციით გარანტირებულია.

,,მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებას, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება – ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი, ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე – ეს იქნება კორუფცია, იქნება ადამიანების გადინება ქვეყნიდან, უკონტროლო რუსების შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა შევუერთდებით ევროკავშირს.

მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები