ჯუმბერ სილაგავას მკვლელობა დნეპრში

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჯუმბერ სილაგავა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს, იმ დროს მოხდა, როცა დნეპრში საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილაგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილაგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, იქცეოდა აგრესიულად და სავარაუდოდ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დაიწყო და პატრულის ორივე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ჯუმბერ სილაგავას ესროლა. სამართალდამცველი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – განზრახ მკვლელობისა და 365-ე – სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები