„ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ”- მაია ბუწაშვილი სალმონელოზზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოების საწარმოო პროცესის შეჩერებას ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება სალმონელოზზე.

„ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ.

მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე:

ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის, ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების, ან წყლის მიღებით.

ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები.

ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში – ადეკვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში).

შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი შეიქმნას მისი დაბინძურებით უმი პროდუქტებიდან – მაგალითად, უმი ხორცის ან ქათმის დაჭრის შემდეგ გამოყენებული დანის, დაფის, სამზარეულოს ზედაპირების არასაკმარისად გარეცხვის/დამუშავების შედეგად. ასევე რისკის შემცველია ხელის არასაკმარისი დაბანა, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს უმი პროდუქტით.

ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში (რესტორნებში და სახლის სამზარეულოში) მკაცრად იყოს გამიჯნული უმ ხორცზე/ქათამზე გამოყენებული დაფები/ჭურჭელი და თუ სამზარეულოს ზედაპირი დაბინძურდა ხორცით/ქათმით/უმი კვერცხით, კარგად იყოს გავასუფთავებული.

ძალიან მნიშვნელოვანია სალათის ფურცლების/მწვანილის ზემიწევნით გარეცხვა.

მზა საჭმელი დიდხანს არ უნდა დარჩეს გარეთ, მალე უნდა მოთავსდეს მაცივარში, რომ თავიდან ავიცილოთ სალმონელას/სხვა ბაქტერიების გამრავლება.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმებში დაკვლის და შეფუთვის დროს დაცული იყოს წესები და არ მოხდეს ხორცის/ქათმის დაბინძურება, თუმცა თუ სამზარეულოში უმი პროდუქტის დამუშავებისას ზემოთ აღწერილ წესებს დავიცავთ, ადამიანის ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შევამცირებთ.

ვრცელი პოსტი გამოვიდა და ამიტომ სიმპტომებზე და მკურნალობაზე ცალკე დავწერ.“ – წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მსგავსი თემები