„საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა – ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას”- გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, საკრებულოში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მე არ მახსენდება ერთი პროექტი ან ინიციატივა, რომელმაც დაიმსახურა თქვენი მოწონება. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, გამოძრავებთ მხოლოდ პირადი პარტიული მიზნები და ისინი არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. აქ მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ყველა პროექტი განხილული იყოს უარყოფით კონტექსტში. ჩვენი ოპონენტები ნამდვილად გამოირჩევიან კონკრეტული გვარების მიმართ ინტერესით. ეს ცხადად გამოჩნდა გუშინ კომისიაზე გაჟღერებულ განცხადებებშიც. იმავე არეალში უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაგვიმტკიცებია, თუმცა ამას არ გამოუწვევია არანაირი უკმაყოფილება და პროტესტი. ეს არ იყო მათთვის საინტერესო, რადგან მათი შინაარსი არ იყო ხელსაყრელი კონკრეტული პარტიული მიზნების მიღწევისთვის.
საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს. ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან ქალაქის აღმშენებლობის პროცესს და თავად შეაფასებენ ვითარებას – რამდენად უწყობს ხელს კონკრეტული პროექტი ჩვენი ქალაქის ურბანულ განვითარებას.

მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ იწყება პროექტების განხორციელებაზე მუშაობა. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა – ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციის წარმომადგენლები სრულიად გათავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობებისგან – ისინი ვერ იაზრებენ იმ ინვესტიციების მნიშვნელობას, რომელთა განხორციელება ჩვენი ქალაქის მრავალმხივი განვითარებისთვის აუცილებელია. ხაზგასმით ვამბობ, აქ ყველა პროცედურა არის გამჭვირვალე და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ზედმიწევნით ადევნონ თვალი ყველა პროცესს.”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მსგავსი თემები