შოვის სტიქიით საერთაშორისო ექსპერტები დაინტერესდნენ

შოვის მასშტაბური სტიქიით საერთაშორისო ექსპერტებიც დაინტერესდნენ. საქართველოში მოღვაწე ექსპერტები და გეოლოგები ამბობენ, რომ მათმა უცხოელმა კოლეგამ გამოუგზავნა სატელიტის ფოტო, სადაც უკვე ჩანს, რომ კლდეზე მიწის მასა ჯერ კიდევ 27 ივლისს მოწყდა.

მათივე თქმით, მეწყრული პროცესები ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდებოდა. ეს ფაქტი საერთოდ არ უხსენებია გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარ დასკვნაში, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ პროცესები მყისიერად 3 აგვისტოს განვითარდა და პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

“ზუსტი თარიღის მითითება ასეთი კვლევებით შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ გაიზარდა საფრთხე ამ მყინვართან, სატელიტური ფოტოებზე დაკვირვებით ასეთი რამ შესაძლებელია. იქ ჩვენი კოლეგები საინტერესო ფაქტს აღნიშნავენ. შვეიცარიელმა კოლეგამ მომწერა, რომ 27-ში ჩანს რაღაც კლდე-ზვავი არა, მაგრამ ჩამოშლა, სადაც შემდეგ ეს მოხდა. ასეთი რამ ჩვეულებრივ ზუსტი პროგნოზის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა ეს ჩამოშლა რომ იწყება, იქ ჩვეულებრივ მერე უფრო მასშტაბური მოვლენები ვითარდებაო”, – ამბობს გეოლოგი ზურა ჯავახიშვილი.

ამას გარდა, მეცნიერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გამოაქვეყნონ დასკვნა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ სად ჩაისახა ასეთი რაოდენობის წყალი, რომელმაც ხეობა წალეკა.

მსგავსი თემები