ფეისბუქსა და ტიკ-ტოკ პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო ორი მოქალაქე დააჯარიმეს – საია

ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადამიანების დაკავების, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების ტენდენცია გამოიკვეთა – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშშია ნათქვამი.

მათი ცნობით, დაჯარიმება მოხდა ორ შემთხვევაში, Facebook და TikTok პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო. მოსამართლემ ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააჯარიმა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტს 2 000 ლარით დააჯარიმა კურიერი Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. ვიდეოს ავტორი აკრიტიკებს პოლიციელებს, ბასლაინში მოძრაობის გამო – “შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ”. მოსამართლემ TikTik-ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ჩათვალა, ხოლო პოლიციელთა მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფა” უწოდა.

მეორე შემთხვევაში მოქალაქე სოციალურ ქსელ Facebook-ზე, კვლავ სამართალდამცავთა მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც განმარტა, რომ სოციალური ქსელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და “ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები”. მოსამართლემ ასევე მიუთითა, რომ “ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას”.

მსგავსი თემები