„ჯარიმების გაზრდა პრევენციული ხასიათისაა. ჩვენი ინტერესი არ არის, რომ კლინიკებმა ბევრი ჯარიმები გადაიხადონ“ – თამარ გაბუნია

„ჩვენი სისტემა აქამდე იყო რეაქტიული, ანუ რეაგირებდა დამდგარ შემთხვევებზე. ცვლილების მიზანი არის ის, რომ ჯარიმაც, ოპერატიული ზემოქმედებაც და სხვა ყველაფერი ემსახურებოდეს მეტად პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას, რათა კლინიკებს ჰქონდეთ ინტერესი, ინვესტიცია გააკეთონ შიგნით, ინფექციის კონტროლის გაძლიერებაში“ –  აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია  ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მან კონკრეტული შემთხვევებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ კლინიკები ჯარიმას ექვემდებარებიან.

„იყო შემთხვევები და ძალიან უხერხულია ამაზე საუბარიც – სადეზინფექციო სტერილიზატორი, რომელიც არ მუშაობს ექვემდებარება ჯარიმას. იმის ნაცვლად, რომ კლინიკამ შეიძინოს ახალი სტერილიზატორი, რომელიც შეიძლება 5000 ლარი ღირდეს, მისთვის ფინანსურად  უფრო მარტივია, ჯარიმა გადაიხადოს და სხვაგან გაასტერილოს, რაც არ არის დადგენილი წესის შესაბამისი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი შეფასებით, ახალი კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას გულისხმობს,  სამედიცინო სფეროში ხარისხის გაძლიერებასა და ამ მიზნით,  მეტი ინვესტიციის განხორციელებას ისახავს მიზნად.

„ჯარიმების გაზრდა პრევენციული ხასიათისაა. ჩვენი მიზანი და ინტერესი არ არის, რომ კლინიკებმა ბევრი ჯარიმები გადაიხადონ. პირიქით, ლიცენზიის და სერტიფიკატის შეჩერების ბერკეტი განმეორებით დაჯარიმებებს ეწინააღმდეგება. ეს ორი ერთად ვერ იმოქმედებს. ხშირად არის ინფრასტრუქტურულად გაუმართავი კლინიკები. მაგალითისთვის, ერთ-ერთ სისხლის ბანკში იყო შემთხვევა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, პერსპექტივა მისი განვითარების არ არსებობდა. თუმცა ის მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ძალიან სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულიად გაეუქმებინა ამ დაწესებულებისთვის ლიცენზია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები