თამარ გაბუნიას განცხადებით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამინისტროს კლინიკისთვის ლიცენზიის შეჩერება უნდა შეეძლოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  მნიშვნელოვანია, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ჰქონდეს ლიცენზიისა და ნებართვის  შეჩერების მექანიზმი, რომელიც დღეს არ აქვს.

„დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუქმების მექანიზმი და  ვიდრე გაუქმებამდე საქმე მივა, მანამდე უნდა მთელი რიგი ეტაპები გაიაროს, კლინიკამაც და მარეგულირებელმაც. ეს ეტაპები ითვალისწინებს რამდენჯერმე, 3-ჯერ დაჯარიმებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს მუშაობას. ამ დროს, პაციენტისთვის გარემოებები რა თქმა უნდა რისკის  შემცველი რჩება.

ამდენად, ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების მექანიზმი გარკვეულწილად არის შუალედური, მეტად მოქნილი მექანიზმი, როგორც მარეგულირებლისთვის ასევე კლინიკისთვისაც, რადგან მას არ მოუწევს სრულიად დაკარგოს ნებართვა და მერე თავიდან იზრუნოს ამაზე. აქ სასამართლოს ნაწილი ცალსახად და მკაფიოდ რჩება. გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს მარეგულირებელი, უნდა დამტკიცდეს სასამართლოში. ვადა 48 საათია, რადგან ისევ და ისვე რისკი მაღალია და უნდა იყოს სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება.  შემდეგს ეს ექვემდებარება გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, რაც არის საბოლოო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ხმაურით მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები