,,2012 წლამდე პიკის საათებში, 180 000-მდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 600 000-ზე მეტი” – კალაძე

მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება.

„ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, თბილისში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი
გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს
აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დაბინძურებული ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს.

მსგავსი თემები