საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ეწვევა

საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. გუბერნატორი საქართველოში მეუღლესთან, მარტი კემპისთან ერთად ჩამოვა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გუბერნატორი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას  საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში და დასრულდება პარიზში, საფრანგეთში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.

„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებსა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით. ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია, გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს, შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა.

საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან .

მსგავსი თემები