„ვწუხვარ, რომ ჩვენი მზაობის პასუხად ვხედავ ასეთ მიდგომას – ჭიქა ნახევრად ცარიელია, ვიდრე, ნახევრად სავსე“ – მინისტრი ევროდეპუტატებს

ევროპარლამენტში, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის გამოსვლას გამოეხმაურა და სამწუხარო დამოკიდებულება უწოდა.

„არ შევალ ევროპარლამენტარებთან დებატებში და მოკლედ ვიტყვი: ვწუხვარ, რომ ჩვენი მზაობის პასუხად ვხედავ ასეთ მიდგომას – ჭიქა ნახევრად ცარიელია, ვიდრე,  ნახევრად სავსე. თავს უფლება მივეცი, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სამჯერ იყო ნახსენები დღევანდელ გამოსვლებში. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო თავმჯდომარევ, იმ ციტატასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ ბუდაპეშტში მისი გამოსვლიდან, მსურს, აღვნიშნო,  ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში, იმას, თუ რამდენად დაცულია ყველას უფლებები. მან ასევე ისაუბრა უმცირესობათა უფლებებზე, რომელთა დაცვაც საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს“ – აღნიშნა ახვლედიანმა ევროპარლამენტში.

მან პრემიერის მორიგ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, თუ რას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი.

„ეს ნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და შეჭრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს საქართველოში, იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევა, ეს იყო გაერო-ს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის უფლების დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა, აირჩიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია. დიახ, ჩვენ თავს დაგვესხნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც“ – აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში ნეგატიური განწყობა შეინიშნება საქართველოსთან  მიმართებაში.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნახევარში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება, რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები