„არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები“ – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს,  რომ ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

როგორც გაბუნია განმარტავს, პირველ წელს, პრეპარატს ახასიათებს სიმაღლეში მცირედი ზრდა, თუმცა, შემდეგ წლებში ეს პროცესი გრძელდება თუ არა, დადასტურებული არ არის.

„მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები. მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება“, – აცხადებს გაბუნია.

რაც შეეხება რისკებს, მისი შეფასებით, რისკები დანახული, აღწერილი და აღიარებულია.

„მწარმოებელი აღნიშნავს, რომ პრეპარატს გვერდითი ეფექტები აქვს. ისიც არ არის ცნობილი, ორწლიანი გამოყენების შემდეგ ზრდის ტემპი შენარჩუნდება, თუ არა. შესაძლოა, შენარჩუნდეს და მწარმოებელი არც სხვა საშუალო, თუ გრძელვადიან შედეგებზე საუბრობს“ – განმარტავს მინისტრია მოადგილე.

 

მსგავსი თემები