„ამ დაავადებას გართულებები ახასიათებს, ეს გართულებები მრავალნაირია“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიაზე

„ამ ბავშვებს არ გააჩნიათ არანაირი ინტელექტუალური პრობლემა, გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმალურია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ისეთივეა, როგორიც სხვა, ჯანმრთელი ადამიანის“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით.

პროფესორის შეფასებით,  ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იქნება მათი დაავადების გართულებასთან ასოცირებული, იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული.

„ჯანდაცვის მინისტრმა დააფიქსირა, რომ ნებისმიერი პრობლემა, გართულება, რომელიც შეიძლება იყოს ამ დაავადების თანმდევი, იქნება სრულად ანაზღაურებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ხერხემლის კორექცია, ასევე – რეაბილიტაციური სერვისები და სხვა დახმარება, რომელიც ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ. ეს პაციენტები იღებენ გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იქნება მათი დაავადების გართულებასთან ასოცირებული, იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული“, – აღნიშნულის შესახებ იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გრძელი, ლულოვანი ძვლების ზრდის შეფერხება, თუმცა, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები თანატოლებს ინტელექტუალური და გონებრივი შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდებიან.

„ამ ბავშვებს არ გააჩნიათ არანაირი ინტელექტუალური პრობლემა, გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმალურია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ისეთივეა, როგორიც სხვა, ჯანმრთელი ადამიანის. ერთი რაც მნიშვნელოვანია, ამ დაავადებას გართულებები ახასიათებს, ეს გართულებები მრავალნაირია, მაგალითად – მორეციდივე ოტიტი, ანუ შუა ყურის ანთება, რომელიც ხშირად მეორდება; ძილის დარღვევა და ძილში სუნთქვის გაჩერების სინდრომი; ხერხემლის და სხვა დეფორმაციები, რომლებიც პერიოდულად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას და ა.შ. გართულებები საკმაოდ ბევრია, თუმცა, არცერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. მათი მიმდინარეობა და მართვა, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ ბავშვების სიცოცხლის ხარისხს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

მსგავსი თემები